UniLab • უნილაბი

ფინალისტები-01

STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსის ფინალისტები

Group 9

უნილაბის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “STEM მასწავლებელთა ასოციაციის” ერთობლივი პროექტი STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი უკვე 4 თვეა მიმდინარეობს.

ფინალურ ეტაპამდე მასწავლებლებმა 3 შესარჩევი საფეხური გაიარეს, რომელიც აპლიკაციის შევსებას, ვიდეო რესურსის შექმნას და გასაუბრებას მოიცავდა. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ პროექტის ფინალისტებს, რომლებიც 18 თებერვალს, საგამოფენო სივრცეში საკუთარ მატერიალურ პროდუქტებს წარადგენენ.

გთავაზობთ ფინალისტი მასწავლებლების კომენტარებს STEAM სწავლების მნიშვნელობაზე:

“STEM-ის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და ის უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, კეთილდღეობას, უახლეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, მომავლის პროფესიები STEM პროფესიებია.” – ელისო აბრამიშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი.

“STEAM განათლება ეს არის განსხვავებული ფიქრი, კვლევა, ექსპერიმენტი, ახლის ძიება. ეს არის მომავლის სწავლება! STEM სწავლება აადვილებს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურ მართვას, ხელს უწყობს ახალგაზრდებში იმ უნარების განვითარებას, რომლითაც ისინი შეძლებენ გახდნენ თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრები – შეძლონ აწმყოს შეცვლა საუკეთესო მომავლის იმედით!” – ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „განათლების“ მასწავლებელი. ‘

“მსოფლიოში განათლების ტენდენციების სწრაფი ცვლა, განვითარების ტემპი, შრომის ბაზრის ახალ-ახალი დაკვეთები მოითხოვს სწავლებისადმი კომპლექსურ მიდგომას- ფუნქციური წიგნიერების უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, ახალი ცოდნის მიღების მექანიზმების შემუშავებას. არსებული გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი გზაა STEM სწავლების დანერგვა, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე აღიზრდება არა მხოლოდ ოპერაციების შემსრულებლად, არამედ შემქმნელად, რაც მისთვის ძლიერი მოტივაცია იქნება.” – მაია აფხაიძე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელი.

“STEM -ეს უბრალოდ მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო საქმის და მათემატიკის აბრევიატურა არ არის. ეს სწავლების ახალი მეთოდია, რომელიც ყველა ამ მიმართულებას ერთმანეთთან აკავშირებს. სწავლების ამ მიდგომაში განიხილება პრობლემები, რომლებიც იმითაა გამოწვეული, რომ დღეს, ხშირ შემთხვევაში, ეს საგნები ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე, იზოლირებულად ისწავლება, მაშინ როდესაც ისინი ბუნებრივად ერთმანეთისაგან განუყოფელია, ერთ მთლიანს წარმოადგენს. ეს ერთ მთლიანობაში შეკრული დისციპლინათშორისი კავშირის მქონე მიდგომა პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული. STEM მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩაატარონ ექსპერიმენტები, ამ დროს დაუშვან შეცდომები და საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე დაყრდნობით ისწავლონ, შეიმეცნონ ესა თუ ის მოვლენა და არ შემოიფარგლონ მხოლოდ სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნით. ჯერ კიდევ დიდი ილია ამბობდა – “არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა”- მიხეილ ლაბარტყავა, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადის“ მასწავლებელი.

“STEM- ის როლი განუსაზღვრელია სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზების უნარი, რაც მათ საშუალებას მისცემს იყვნენ წარმატებული”- ინგა მოსიაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი. “ერთ-ერთ ახალ კლასში მოსწავლეებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ჩვენს ცხოვრებაში მათ როლზე ვესაუბრე. ვაჩვენე, რამდენად მნიშვნელოვანია ისწავლონ არა ერთი კონკრეტული საგანი – კომპიუტერული მეცნიერებები, არამედ მათემატიკაც, ბიოლოგიაც, ფიზიკაცა და ხელოვნებაც, რათა კარგად დაეუფლონ თანამედროვეობის მთავარ საგან STEM-ს. ამან მოსწავლეები მეტად გააოცა. დიახ, STEM-ით ისინი აიმაღლებენ ცხოვრების დონეს, ექნებათ გამოგონებები, გააუმჯობესებენ ტექნოლოგიას და გახდებიან ხვალინდელი დღის ლიდერები. გარდა ამისა, STEM საგნები ჩვენს საზოგადოებაში არსებულ უამრავ პრობლემასაც გადაჭრის.” – ნანა ნოზაძე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელი.

“STEAM-ი არის სწავლა სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს დავეხმარო სწრაფად მზარდ სამყაროსთან ადაპტაციაში. რაც გულისხმობს ბავშვებში სამყაროს შეცნობის სურვილის გაღვივებას, კვლევის, პრობლემის დანახვისა და მისი გადაჭრის უნარების განვითარებას. STEAM-ი მოსწავლეებს უბიძგებს უსაზღვრო ფანტაზიისკენ, რომელიც მათში ბადებს ინოვაციურ იდეებს და ეხმარება ამ იდეების ხორცშესხმაში.” – თამარ პაპოშვილი, სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

“მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ იმ კეთილი საქმისათვის რასაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და STEM მასწავლებელთა ასოციაცია აკეთებს ჩვენი მომავალი თაობის პროფესიული განვითარების მხრივ. საინტერესო და სასიამოვნოა, რომ ფიზიკის სწავლება მხოლოდ თეორიულ დონეზე არ რჩება და მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ ამა თუ იმ ხელსაწყოების შექმნასა და შეკეთებაში, რაც მათში ზრდის მოტივაციას და უვითარებს შემოქმედებით უნარებს, აჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, ასწავლის ურთიერთთანამშრომლობასა და საკუთარი აზრის გამოთქმის და დაცვის უნარს” – იზოლდა ტეფნაძე, სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლისა და წყალშავის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

“STEM-ი არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, რომელიც მოსწავლეებს უვითარებს კვლევა-ძიების, ტექნოლოგიურ, მათემატიკურ, საბუნებისმეტყველო, სხვადასხვა ხედვით, ლოგიკურ აზროვნებას. STEM-ი ამ საუკუნის საწყისი და მომავალია.” – სოფიო შუბითიძე, სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

“21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა და ჩვენ მომავალ თაობას, როგორც მომავლის ინტელექტუალურ ძალას, საჭიროა მივცეთ STEM განათლება, შთავაგონოთ რომ მეცნიერება(S) და მათემატიკა(M) , რომელიც ავითარებს ტექნოლოგიებს (T) და შერწყმულია ინჟინერიასთან (E) აღძრავს საგნებისადმი უდიდეს ინტერესს, გახდის თითოეულ მათგანს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისაკენ ორიენტირებულს, კრეატიულს, განუვითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებას და მეტაკოგნიტურ უნარებს. მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას შეუძლია მომავლის შეცვლა!” – მაია ჩაჩხიანი, სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: