UniLab • უნილაბი

Ideatorta Klubi

იდეატორთა კლუბი

Group 9

იდეატორთა კლუბი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნილაბის მხარდაჭერით შეიქმნა. კლუბის მიზანი დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის შემოქმედებითი აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა. 

ამ პროცესებში მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან მასწავლებლებმა სწავლების პროცესში ახალი მიდგომები დანერგონ, ხოლო სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

კლუბი 2020 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში, სადაც ილიაუნის სტუდენტები, სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად მუშაობდნენ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თავიანთი წიგნები და მათი ინტერაქტიული ვერსიები შექმნეს.

პროექტის განმავლობაში, წიგნების შესაქმნელად მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს:

1. საკუთარი წიგნისათვის ამბის, ისტორიის მოფიქრება; 

2. საკუთარი ხელნაკეთი წიგნის გაკეთება; 

3. საკუთარი წიგნის ინტერაქტიული ვერსიის შექმნა; 

4. დასკვნითი ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – წიგნების წარდგენა. 

ყველა განვლილი აქტივობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, ხოლო პროექტში ჩართულმა ილიაუნის განათლების სკოლის სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის საშუალებით. 

მაია მოსეშვილი, კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომელიც იდეატორთა კლუბში ერთ-ერთ ლიდერ მასწვლებლად შეირჩა. ტრენინგების, ვებინარებისა და მასტერკლასების გავლის შემდეგ, მან საგაკვეთილო პროცესში სწავლების ახალი მეთოდები დანერგა. 

“პროექტმა მომცა საშუალება მომეძებნა ახალი შესაძლებლობები, შემეცვალა მუშაობის სტილი და მეზრუნა კარიერულ განვითარებაზე. ჩემი ამოცანა პროექტის მსვლელობისას იყო, რომ მოსწავლეები უფრო შემოქმედებითი გამეხადა, მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლის მოსწავლეებისთვის დაწყებითი საფეხურიდანვე. ამიტომ, მოვიფიქრე აქტივობა – “მოდი ვიფანტაზიოროთ,” სადაც ბავშვები ბევრ საინტერესო იდეასა თუ ამბავს მიზიარებენ.”

პროექტის შედეგად, იდეატორთა კლუბში შექმნილი წიგნები საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა. წიგნებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გააერთიანეს მათი დაწერილი ამბები, რომლებიც მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის, მიმტევებლობისა და შეუპოვრობის შესახებ გვიყვებიან. წიგნების ინტერაქტიული ვერსიების შექმნაში ბავშვებს მათი მენტორები, ილიაუნის განათლების სკოლის სტუდენტები, დაეხმარნენ. 

უნილაბის მხარდაჭერით კი შეიქმნა სპეციალური საიტი, სადაც წიგნების ნახვაა შესაძლებელი. https://scratch.mit.edu/projects/858313677 პროექტმა  120 მოსწავლე, 21 მასწავლებელი და 10 მენტორი სტუდენტი გააერთიანა. მომზადდა  72 გაციფრულებული და ხელნაკეთი პროექტი.

“მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სტუდენტების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროცესია. პროექტის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ უნივერსიტეტი დაუახლოვა სკოლას და უნივერსიტეტები დაუახლოვა ერთმანეთს. ამ თანამშრომლობის წყალობით პროექტის მიზანი, რომელიც თითოეული მოსწავლის სწავლის გაუმჯობესებაა, უფრო მარტივად მიღწევადი გახდა” – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, სოფიკო ლობჟანიძე.


უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: