📖 ქართული ენა დღითიდღე ივსება უცხო ენიდან შემოსული ტერმინებით; ყოველდღიურად მასობრივად გამოიყენება ბარბარიზმები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრმა” შექმნა პლატფორმა “შექმენი ქართული ტერმინი”. ეს კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართვას იმ პრობლემებში, რომლებიც თანამედროვე ქართულ ენას აქვს.
🌟 უნილაბი და “ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი” გთავაზობთ მუდმივმოქმედ კონკურსს, რომელიც მოგცემთ საშუალებას ლექსიკოგრაფების მიერ წინასწარ შერჩეულ უცხო ენიდან შემოსულ სიტყვებს თავად შეურჩიოთ ქართული შესატყვისები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და სკოლის მოსწავლეებს.
🔗 ვებსაიტზე დარეგისტრირების შემდეგ, შეგიძლიათ თავად მოგვაწოდოთ უცხო ენიდან შემოსული სიტყვები, რომლებსაც განხილვის შემდეგ კონკურსზე გამოვიტანთ.
🗣️ გამარჯვებული შესატყვისების ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. გამარჯვებული ქართული ტერმინები შევა „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ლექსიკოგრაფიული გუნდის მიერ შექმნილ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებში და კონკურსის საიტის ტერმინთა ბაზაში ავტორის მითითებით.
📍 კამპანია საზოგადოებაში გამოიწვევს ინტერესს თანამედროვე ქართული ენის მიმართ; მისცემს მათ მოტივაციას თავად ჩაერთონ ენის განვითარების პროცესში. პლატფორმა ხელს შეუწყობს ქართული ენის შენარჩუნებასა და მის დამკვიდრებას სხვადასხვა სფეროში.