UniLab • უნილაბი

blog size blogistvis

ამ ბლოგს თუ არ წაიკითხავ, ვერასოდეს გაიგებ, რა არის ნარატივდიზაინი!

Group 9

„გრძელი, ნათელი დღეები”…მმ, არა, ეს სადღაც უკვე იყო. სხვათა შორის, სადაც იყო, კარგად იყო. „საკვირველი დღეები”? – ყოველკვირას ეს სმს მომდის ერთ-ერთი კომპანიისგან, ამიტომ არა, ჩემი თემის აღსაწერად არც ეს გამოდგება. კიდევ რა? „თბილისური დღეები”? უი, ეს ხომ საერთოდ არ ვარგა. მოკლედ, ნებისმიერი პირველი აზრიც, მეორეც, მესამეც და მეათეც, რაც სიტყვა „დღეების” კრეატიული კონცეპტის მოფიქრებისთვის მჭირდება, უკვე გამოყენებულია, ამიტომ მარტივად და ლაკონიურად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი – „ნარატიული დღეები”. 

ჩემთვის, როგორც ამ დარგის წარმომადგენლისთვის, როგორც გუშინ ჩემმა კოლეგამ მიწოდა, სფეროს ექსპერტისთვის, სულ ნარატიული დღეებია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რაც კარგია, მარტო ჩემთვის კი არა, სხვებისთვისაც მემეტება, გადავწყვიტე, რომ ის, რაც მე მიყვარს, ის, რაც ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ჩემს სტუდენტებს გვაერთიანებს, უფრო ფართო მასებსაც გავუზიაროთ და ერთი კარგი, მამაპაპური-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ საინტერესო და ხალისიანი ნარატიული დღეები მოვაწყოთ! 

ცეცხლი ავანთოთ, თამაში დავიწყოთ, გავითვალოთ, ხელი ხელს დავადოთ, ფურცელი ფურცელს, სათქმელი სათქმელს, გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ, ვინ ვართ, რა ხალხი ვართ, რა სარგებლობა მოგვაქვს. თუ „იმერული ესკიზების” გაკვეთილზე ჩამოთვლილი კვატას, მამლის და ქათმის სარგებელზე მეტი ვერა, ზუსტად მაგდენი სიკეთე მაინც იქნებ მოგვიტანია ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისთვის; იქნებ არა ვართ დასაკარგავი ხალხი, იქნებ რაღაც საინტერესო საქმეს შევჭიდებივართ, ხალხიც გაგვიხარებია და რა ვიცით, იქნებ საშვილიშვილო თუ ვერა, შვილებისთვის და ჩვენი თავებისთვის მაინც გაგვიკეთებია ისეთი პროექტები, რომლებიც მრავალ საქმეს ამსუბუქებს და თან საინტერესოა.

ჩვენ, ნარატივდიზაინერები ამა ქვეყნისა, „ნარატივდიზაინის კვირეულის” ფარგლებში გავერთიანდით. მე, როგორც დედა ფუტკარმა, თავი მოვუყარე ამ სფეროს საუკეთესო, გამოცდილ კადრებს და თქვენთან შეხვედრისთვის მოვამზადე. ჩვენი სფერო ახალგაზრდაა, მაგრამ სასაუბრო თემა იმდენი აქვს, ძლივს ავარჩიეთ. ვისაუბრეთ ზოგადად ნარატივდიზაინზე, როგორც დარგზე, როგორც სპეციალობაზე, მის პარალელურ პროფესიებზე, შესაძლებლობებზე და ფორმაზე; ვისაუბრებთ ჩვენი შექმნილი ციფრული არსებებისა და ადამიანების ფსიქოლოგიურ კავშირზე; ვისაუბრებთ ბიზნესზე, ბრენდის არქეტიპებზე, პერსონალობაზე და ნარატივდიზაინის მაგიის გამოყენებაზე ბრენდინგში; გემრიელ ლუკმად კი პროექტის პრეზენტაციას წარმოგიდგენთ, ჩვენს ახალ ქმნილებას, რომელიც მე და ჩემს სტუდენტებს ძალზე გვეამაყება იდეურად, კონცეპტუალურად და ვთვლით, რომ აი, ზემოთ ნახსენებ საქვეყნო საქმეს პატარა, ერთი მუჭისოდენა აგური მაინც დაედება აღნიშნული პროექტით, რომლის მხოლოდ სახელის გამხელა შემიძლია – „ეფემია”.

მეტი საუბრით თავი რაღად შეგაწყინოთ? აგერ მე, აგერ ბმული, აქ ყველაფერი წერია, სად, რომელ საათზე, ვისთან და როგორ…გელით ნარატივდიზაინის კვირეულზე უნილაბში!

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: