UniLab • უნილაბი

ნაბიჯები-01 (1)

STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსის ეტაპები

Group 9

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და STEM მასწავლებელთა ასოციაციის ერთობლივ პროექტზე, “STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი” რეგისტრაცია 27 ოქტომბერს დაიწყო.


კონკურსის მიზანია გამოავლინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს პედაგოგები, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინოვაციურ მიდგომებს და ხელს უწყობენ STEAM განათლების დანერგვას სასკოლო გარემოში,მათი საქმიანობა დადებითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებსა და შესაძლებლობების რეალიზებაზე.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული საჯარო და კერძო სკოლების სამივე საფეხურის მასწავლებლებს, რომელთაც დაუგეგმავთ და განუხორციელებიათ STEAM სასწავლო აქტივობები.
STEAM მიმართულება მოიცავს მეცნიერებასთან, ტექნოლოგიებთან, ინჟინერიასთან, ხელოვნებასთან ან მათემატიკასთან დაკავშირებულ პროექტებს.

რამდენ ეტაპიანია კონკურსი?
კონკურსი 5 ეტაპიანია და ყოველ მომდევნო ეტაპს მხოლოდ შერჩეული მონაწილეები აგრძელებენ.


პირველი ეტაპი – აპლიკაციის შევსება
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებელმა პირველ ეტაპზე, 2022 წლის 27 ნოემბრამდე, უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, რომელშიც აღწერს STEAM მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას და განხორციელებულ პროექტებს.


მეორე ეტაპი – ვიდეო
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, 1 კვირის ვადაში, მონაწილეებს გაეგზავნებათ პასუხები. შერჩეულმა მასწავლებლებმა უნდა მოამზადონ ვიდეო, რომელსაც მეორე ეტაპის სააპლიკაციო ფორმას დაურთავენ. ვიდეოში აღწერილი უნდა იყოს:
რა გამოცდილება აქვს მასწავლებელს STEAM პროექტებზე მუშაობის / დანერგვის მიმართულებით;
დანერგილი/მიმდინარე STEAM პროექტის/პროექტების აღწერა და შედეგი/შედეგები;
პროექტის/პროექტების დანერგვის შედეგად მოსწავლეთა მოტივაციის/ჩართულობის ცვლილება (მოიყვანეთ მაგალითები);
პროექტის/პროექტების დანერგვის შედეგად სასკოლო საზოგადოების მოტივაციის/ჩართულობის ცვლილება (მოიყვანეთ მაგალითები);

ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა – 5 წუთი;
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეფასდება ვიდეოს შინაარსობრივი მხარე და არა ტექნიკური ხარისხი.

მესამე ეტაპი – გასაუბრება
მესამე ეტაპზე, პროექტის ორგანიზატორები, შერჩეული მონაწილეების ვიდეოებში წარმოდგენილ ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გაეცნობიან და გაესაუბრებიან.
გასაუბრების შემდეგ შეირჩევა 10 ფინალისტი მასწავლებელი.

მეოთხე ეტაპი – კონფერენცია
შერჩეული 10 ფინალისტი კონფერენციაზე, საგამოფენო სივრცეში, წარმოადგენს საკუთარ მატერიალურ პროდუქტს და მის შესახებ პრეზენტაციას.
ამ პროცესში შესაძლებელია მოსწავლეების ჩართულობა.

მეხუთე ეტაპი – დაჯილდოება
კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟიურის მიერ გამოვლინდებიან და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მასწავლებლები.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: