ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და “STEM მასწავლებელთა ასოციაციის” ერთობლივ პროექტზე STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსზე რეგისტრაცია 26 ოქტომბერს დაიწყო.
კონკურსი მიზნად ისახავს, გამოავლინოს STEAM მიმართულებით აქტიური და მოტივირებული მასწავლებლები, რომელთა მიერ დაგეგმილი STEAM სასწავლო აქტივობები დადებითად აისახა სწავლების პროცესზე.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლების სამივე საფეხურის STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებს შეუძლიათ. კონკურსი რამდენიმე ეტაპიანია. პირველ ეტაპზე შეირჩევა აპლიკაციები. მომდევნო ეტაპზე გადასული მონაწილეები ჩაწერენ ვიდეოს, სადაც აისახება მათი STEAM პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. მესამე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას და ფინალისტების გამოვლენას.
ფინალისტები საკუთარ მატერიალურ პროდუქტს საგამოფენო სივრცეში წარმოადგენენ. ბოლო ეტაპზე, ჟიური გამოავლენს და დააჯილდოებს საპრიზო ადგილის მქონე მასწავლებლებს. ასევე, გამოვლინდება წლის საუკეთესო STEAM ინოვატორი მასწავლებელი.
პროექტის მთავარი მიზნებია:
- STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მათი მოტივაციის გაზრდა;
- STEAM მიმართულებით სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით;
- STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა;
- მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში.
შესაბამისად, პროექტი წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, რაც თავის მხრივ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის განვითარებაზე აისახება.
პროექტის პარტნიორები არიან:
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა;
ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების ცენტრი SALIS;
განათლების კოალიცია.