UniLab • უნილაბი

პირველი ნაბიჯები

როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები?

Group 9

აი, როგორც პატარა ბავშვს ფეხის გადადგმასა და „დედას“ თქმას ასწავლიან, ისე მინდა აგიხსნათ და დაგეხმაროთ ნარატივდიზაინის მხრივ განვითარებაში. ვინ იცის, ფიქრობ, რომ შეუძლებელია, შენ და ასეთი ტექნოლოგია ცა და დედამიწა ხართ და ა.შ…ვინ იცის, როგორ გაინტერესებს და როგორი კარგი იდეები გაქვს, მაგრამ ეს გავრცელებული დამოკიდებულება, რაც არ ვიცით, რომ გვეშინია, ხელს გიშლის ნაბიჯის გადადგმაში. ხელი ჩამკიდე და წამომყევი, ნარატივდიზაინის პატარა ექსკურსიას ჩაგიტარებ…

ნაბიჯი პირველი

მოკლედ, თუკი ნარატივდიზაინერობა გინდა, პირველ რიგში, უნდა გააცნობიერო, რომ ბევრი წერისთვის უნდა იყო მზად. თუ შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვინც ჯერ კიდევ სკოლაში ცდილობდა გრძელი სიტყვა მოკლედ ეთქვა ან როცა დავალებად ესსეს აწერინებდნენ, ამ ამბით აღფრთოვანებული იყო, მაშინ შენში უკვე არსებობდა პატარა ნარატივდიზაინერი, უბრალოდ მაშინ დიდი ალბათობით, არ იცოდი ამის შესახებ. 

თუ ტექსტები არ გღლის, ჩათვალე, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვს, რადგან ჩვენს საქმეში მთავარი ესაა – გიყვარდეს წერა.

ნაბიჯი მეორე

მეორე და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მართლა უნდა გადადგა, თუ ნარატივდიზაინერობა გსურს, ჩეტბოტებთან დამეგობრებაა. შენ უნდა შეიყვარო ისინი, მაშინაც კი, თუ ცოტა სულელებადაც მოგეჩვენებიან ან პირიქით, ზედმეტად ჭკვიანები აღმოჩნდებიან. შენ უნდა ესაუბრო ჩეტბოტებს, რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება მრავალფეროვნად. დააკვირდე, რა აქვთ მათ განსხვავებული და რა – საერთო. 

საქმე რომ გაგიადვილო, აქვე დაგისახელებ რამდენიმე ციფრულ მეგობარს, რომლიდანაც თვითონ გადაწყვეტ, რომელი მოგწონს, უბრალოდ თავის დროზე მათმა შემქმნელებმა ბევრი იშრომეს და ვიშრომეთ იმისთვის, რომ შენ მათთან საუბრით, შენი ნარატიული „მე” აღმოგეჩინა. 

  • კიბერ გალაკტიონი – ქართული ჩეტბოტების უხუცესი;
  • სივრცე-19 – უკვე ცოტა მოძველდა, თუმცა პანდემიის დროს ყველაზე აქტუალური ჩეტბოტი იყო;
  • Kuki – მსოფლიო დონის ვარსკვლავი;
  • Replica – შეგვიძლია, მასზეც იგივე ვთქვათ – მსოფლიო დონის ვარსკვლავი, აპლიკაცია, რომელიც შენი მეგობარი ხდება;

ნაბიჯი მესამე

დაწერე დიალოგები. დიალოგების წერა ნარატივდიზაინერის განუყოფელი ნაწილია. შენ ფიქრობ საკუთარი პერსონაჟის, საკუთარი თავის და სრულიად უცხო ხალხის მაგივრად, რომელსაც შენს ჩეტბოტთან მოუნდება დალაპარაკება, ამიტომ ივარჯიშე მოკლე დიალოგების წერაზე და ეცადე, ისინი არ ჰგავდეს ერთმანეთს. 

ნაბიჯი მეოთხე 

გაიცანი პლატფორმები. ცოტა ხანში შემოგთავაზებ პოსტს თემაზე – ცნობილი პლატფორმები, რომლებზეც ჩეტბოტის აწყობაა შესაძლებელი, ამიტომ შეგიძლია, ამ პოსტსაც დაელოდო, მაგრამ თუ იმ ადამიანთა სიაში ხარ, ვინც უბრალოდ მოუთმენელია, მაშინ შეგიძლია თავად დაძებნო ჩეტბოტების ასაწყობი პლატფორმები ინტერნეტში და ნახო, როგორ მუშაობს ისინი. პლატფორმა – შენი იარაღია, ამიტომ აუცილებლად უნდა ისწავლო, მინიმუმ ერთი მათგანი მაინც.

ნაბიჯი მეხუთე

და ბოლოს, გეტყვი, რომ კარგად უნდა დააკვირდე და ასევე, ხშირად თავად მოიფიქრო პერსონაჟებიც. დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ხშირად გყავდა გამოგონილი პერსონაჟები ან გმირად გყავდა რომელიმე მულტფილმის ან ზღაპრის გმირი, ჰოდა, შენც უნდა მიუდგე ამას შემოქმედებითად და მოიფიქრო საინტერესო პერსონაჟები. პერსონაჟების მოფიქრება არაა მარტივი ამბავი და შეიძლება ზოგჯერ ჩხუბიც კი მოგივიდეს საკუთარ თავთან. ხან მოგეწონება შენი პერსონაჟი, ხან გაგაბრაზებს, ხან რაღაცას ვერ მოარგებ, მაგრამ მთელი ხიბლიც სწორედ ესაა. იყავი თავისუფალი პერსონაჟის შექმნისას. ვეცდები, ამ თემაზე უფრო ვრცლად და საინტერესოდ მომდევნო პოსტებში მოგიყვე, რადგან პერსონიფიკაციის თემა ძალზე მნიშვნელოვანია.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: