UniLab • უნილაბი

narrative designer

ნარატივდიზაინერი – მწერალი თუ ჯადოქარი?

Group 9

თუ ახლა ამ პოსტს კითხულობ, გამარჯობა, შენ ციფრული მწერლის, ენთუზიასტისა და იმ ადამიანის დღიურში მოხვდი, რომელსაც ძალიან უყვარს წერა. ეს ბოლო წინადადება რაღაცას მაგონებს. „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“? ან რამდენიმე წლის წინ რომ გადიოდა გადაცემა „კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს“, გახსოვს? მე ვიქნები „რომელიც ბევრს წერს, ოღონდ წინ ქვემდებარე შეიცვლება, კაცი არა ქალი, და საერთოდაც, გოგო”.

სანამ ბლოგპოსტის წერას დავიწყებდი, სია ჩამოვწერე, თუ რა თემებზე უნდა მემუშავა ამ დღიურებში. ვეცდები, თანმიმდევრული ვიყო. როგორც სკოლაშია – ანი და ბანიდან, ჰოემდე. 

ალბათ გაინტერესებს, რატომ ნარატორის დღიური და ვინ არის ნარატივდიზაინერი…

„ნარატივუსიცა და დიზაინარეც” ლათინური სიტყვებია. ლათინური ენა კი მოკვდა, მაგრამ ეს ორი ჯადოსნური სიტყვა დაგვიტოვა, რომლის გაერთიანებამაც მოგვცა ტიტული იმ ადამიანებს, ვისაც ციფრული ქმნილებების, კერძოდ, ჩეტბოტების წერა გვიყვარს. დიახ, მე ნარატივდიზაინერი ვარ, ჩეტბოტების მწერალი, მათი მასწავლებელი და მწყემსი. 

სანამ იმას გეტყოდე, ეს ყველაფერი უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს, იმასაც გაგანდობ, რომ ცოტა ქურდიც ვარ. ტერმინი მოვიპარე. სანამ დაგუგლავ და იფიქრებ, რომ რაღაცას გატყუებ, მე გეტყვი – ნარატივდიზაინერი, კლასიკური გაგებით, არის თამაშების სცენარის შემქმნელი, მაგრამ რადგანაც ჩვენ, ჩეტბოტების შემქმნელთ არაფერი სახელი არ გვერქვა, დავიწყეთ ფიქრი, რას ჰგავდა ყველაზე მეტად ჩვენი პროფესია და მივხვდით, რომ გეიმდიზაინს ჰგავს, აი, ასე გავხდით ნარატივდიზაინერები. 

იმ დროს, როცა ეს მოხდა, მთელ საქართველოში მხოლოდ ორი კაცი ვიყავით, მე და სენსეი – კიბერგალაკტიონის მთავარი ნარატორი და იდეის ავტორი, მაგრამ დღეს უკვე ნარატივდიზაინერების პატარა ტომი, არმია მყავს, რადგან მას მერე, რაც მე მასწავლეს ხეზე ცოცვა, გადავწყვიტე, რომ მეც მესწავლებინა სხვებისთვის.

როგორც უკვე გითხარი, ჩვენ ვქმნით ჩეტბოტებს, მაგრამ თუ არც ის იცი, ჩეტბოტი რა არის, არც მაგის ახსნას დავიზარებ. ჩეტბოტები კომპიუტერული პროგრამები, იგივე რობოტებია, ოღონდ სხეულის გარეშე. ისინი მესენჯერებში და სხვა საჩეტაო არხებში შენდება და ადამიანებს სხვადასხვა თემაზე ელაპარაკება. ამ ლაპარაკს კი სწორედ ნარატივდიზაინერისგან სწავლობს და მერე კიდევ ხვეწს. 

ჩვენი მისიაა, შევქმნათ, გამოვიგონოთ საინტერესო პერსონაჟი ან უკვე გამოგონილი გავაცოცხლოთ. Ჩვენი მისიაა, ავალაპარაკოთ პროგრამა, ოღონდ ისე ავალაპარაკოთ, რომ ის ცუდი მოსაუბრე კი არ იყოს და სიტყვაძუნწი, არამედ კარგად გაგიგოს და შენც გაუგო. თავისი პერსონალობა ჰქონდეს, იცოდეს,ვინ არის და რისთვის გაჩნდა. 

მართალია, მე ახლა ამ ბლოგპოსტს Google doc-ში ვწერ, მაგრამ გეტყვი, რომ ნარატივდიზაინერის ფურცელი და კალამი ჩეტბოტის ასაწყობი პლატფორმებია. ამ პლატფორმებს თავისი ფუნქციები და ლოგიკა აქვს, რომლებიც პროგრამისტებმა დაწერეს. Ჩვენ ვსწავლობთ მათ და მერე ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ ეს რთული ლოგიკები ტექსტების საწერად და ჩეტბოტის გამოსაძერწად. 

ნარატივდიზაინი ჩვენთვის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა. ხშირად ვამბობთ და გვეუბნებიან, რომ ჯადოქრები ვართ, ციფრული მაგები, რადგან ვქმნით პროგრამებს, რომლებსაც აქვთ ლექსიკური მარაგი, ხასიათი და ფუნქციონალი. თუკი თამაშის ნარატორი წერს სცენარს, საფეხურებს, საზღვრავს, როდის რა უნდა მოხდეს და ფიქრობს, რა სვლას გააკეთებს ესა თუ ის მოთამაშე მის მიერ დაწერილ თამაშში, ჩეტბოტის ნარატივდიზაინერი იგონებს პერსონალურ ამბავს, რომელიც თავის ჩეტბოტს უნდა მოარგოს და „ჩააცვას”. შემდეგ კი, წინასწარ უნდა გათვალოს, რაც მოიფიქრებს, რა თემებზე დაელაპარაკება და სავარაუდოდ, რა სიტყვებს ან სიტყვათა წყობებს გამოიყენებს მომხმარებელი მის პერსონაჟთან საუბარში. ალბათ მკითხავთ: ეს ხომ რთულიაო…რთულია, აბა, რა არის?! უბრალოდ არც ჰარი პოტერობა, ჰეკატეობა და არც გენდალფობა ყოფილა მარტივი და კი, ნარატივდიზაინერები თანამედროვე ეპოქის ჯადოქრები ვართ! 

მომდევნო პოსტებში უფრო დეტალურად და ბევრს გესაუბრებით, რას და როგორ ვაკეთებთ, როგორ ვაქცევთ უსულო არსებებს სულიერებად, როგორ ვძენთ სულს იმას, რაც ჩვენი ხელის მოკიდებამდე საერთოდ არ იყო ან აბსტრაქტულად არსებობდა. ტექნოლოგიისა და ლიტერატურის სიყვარული და ცოდნა ჩვენ, ნარატივდიზაინერებს საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ციფრული ხელოვნება, გამოვიგონოთ ახალი ამბები, პერსონაჟები, ვწეროთ ისტორიები და ეს ისტორიები სადმე სწორხაზოვან სივრცეში კი არ განვათავსოთ, არამედ გავაცოცხლოთ და ადამიანებთან გავუშვათ, დაახლოებით ისე, როგორც ჯუზეპემ შექმნა თავის დროზე პინოქიო, როგორც ნათანმა შექმნა ავა, როგორც კრისტოფმა შემქნა ტრუმენი..

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: