უნილაბის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმის ორგანიზებით ტარდება მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში.
ვიზუალური პროგრამირება, რომელსაც ასევე ბლოკებზე დაფუძნებულ პროგრამირებას (Block-Based Programming) უწოდებენ, წარმოადგენს გარემოს, რომელიც ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს კოდი ვიზუალური ელემენტების, ბლოკების დალაგებით შექმნან.
ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გარემოა Scratch-ი, რომელიც იდეალურია ამ სფეროს ძირითადი პრინციპების შესასწავლად. დღეს, პროგრამირების საწყისებს ამ გარემოში, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უფროსებიც სწავლობენ. 2021 წლიდან Scratch-ი საქართველოს სკოლებშიც ისწავლება საგან ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები”-ს ფარგლებში.
მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია IV-VII კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ციფრული პროექტი აუდიტორიას გააცნონ. პროექტად შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა სირთულის თამაში, ანიმაცია ან ჭკვიანი აპლიკაცია, რომელიც ვიზუალური პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გარემოში, Scratch-შია შექმნილი.
მნიშვნელოვანია პედაგოგების როლი მოსწავლეების წარმატებაში. სწორედ ამიტომ, კონფერენციისთვის მზადების პერიოდში პედაგოგები მენტორების სახით მიიღებენ მონაწილეობას. ისინი მოსწავლეებს დარეგისტრირების პროცესში დაეხმარებიან, მათთან ერთად დაესწრებიან კონფერენციას და დასაჩუქრდებიან სიმბოლური პრიზებით.
როდის და სად გაიმართება მოსწავლეთა კონფერენცია?
მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდება 23 და 24 სექტემბერს. პირველი დღე სრულად დისტანციურია, შესაბამისად რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს გაუადვილდებს პროექტში მონაწილეობას. მეორე დღე კი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართება.
ვის შეუძლია მოსწავლეთა კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება ?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IV-VII კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საგან ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები”-ს ფარგლებში ან არაფორმალური განათლების ცენტრების დახმარებით შეისწავლეს პროგრამა Scratch-ი და შექმნეს ციფრული პროექტი.
რა უნდა წარადგინოს მონაწილემ მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში?
მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში, IV-VII კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით უნდა წარადგინონ და გააცნონ აუდიტორიას მათ მიერ პროგრამა Scratch-ში შექმნილი ციფრული პროექტი/პროექტები.
სად უნდა დარეგისტრირდეს მონაწილეობის მსურველი?
დაინტერესებულმა მოსწავლემ პედაგოგის დახმარებით უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა 18 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეულ მონაწილეებს კი პროექტის წარმომადგენელი დაუკავშირდება.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და შემოგვიერთდი: https://bit.ly/3RtkL5v