,,არავინ და შეიძლება ჩვენ თავადაც არ ვიცოდეთ ჩვენი ძლიერი მხარეები”, ამის აღმოსაჩენად კი კიბერლაბორატორია უნილაბი გვთავაზობს ახალ მოხალისეობრივ პროექტს ,,სცადე, ისწავლე, გაუზიარე”, რომელიც ტექნოლოგიური ცოდნის მიღებასა და გაზიარებას ემსახურება.
კითხვებს, რომელიც პროექტის გარშემო შეიძლება გაგიჩნდეთ, უპასუხებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, სანდრო ასათიანი.
გამარჯობა სანდრო, მოგვიყევით უნილაბის ახალი პროექტის ,,სცადე,ისწავლე,გაუზიარეს” შესახებ
UniLab-ის მთავარი ღირებულება ის უშუალო, ბარიერების გარეშე არსებული გარემოა, რომელიც სტუდენტებს ცოდნის მიღებაში ეხმარება. ლექტორები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სტუდენტებს, უპასუხონ მათ კითხვებს, გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და მხარი დაუჭირონ ახალი პორექტების წამოწყებაში.
ახალი პროექტის მიზანია ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებაში UniLab-ის სტუდენტებიც ჩაერთონ. ჩვენთან მიღებული ცოდნით, თავად დაიწყონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ამგვარად გვინდა, შეიქმნას ერთგვარი ქსელი, რომლის წევრებიც თანატოლებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ცოდნისა და ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებიან.
რა ასაკის სეგმენტზეა პროექტი გათვლილი?
მენტორის სახით ჩართვა შეუძლია უნილაბის კურსებისა თუ სტაჟირების ნებისმიერი მიმართულების მსურველ კურსდამთავრებულს. ხოლო სტუდენტის სტატუსით ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს.
საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა გამოცდილებას მიიღებს ამ პროექტში მონაწილე პირი…
ამ აქტივობაში ჩართული უნილაბის სტაჟიორი ან სტუდენტი მიიღებს ტრენერის, ლექტორის გამოცდილებას. გამოცდის თავის ძალებსა და შესაძლებლობებს სხვისთვის ცოდნის გაზიარებაში.
სტუდენტები კი მიიღებენ საბაზისო ცოდნას სასურველი მიმართულებით, რაც დაეხმარება მათ მიიღონ ინფორმაციული გადაწყვეტილება, გააგრძელებენ თუ არა ამ მიმართულებით სწავლასა და განვითარებას.
რას ურჩევდით მოცემული პროექტით დაინტერესებულებს, რომლებსაც ეშინიათ ნაბიჯის გადადგმა? იქნებ, მათთვის ეს წამახალისებელი აღმოჩნდეს.
სტუდენტებსაც და მენტორებსაც შევახსენებდი, რომ ხშირად ჩვენ თავად ვუყენებთ საკუთარ თავს ბარიერებს. ხანდახან ჩვენ თავად ვერ ვხედავთ ჩვენ შესაძლებლობებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვცადოთ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში ვცადოთ საკუთარი ძალები. არავინ და შეიძლება ჩვენ თავადაც არ ვიცოდეთ ჩვენი ძლიერი მხარეები.
ევროპის უამრავ ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია მოხალისეობრივი პროექტების კულტურა და ჩართულია ყველა სფეროსა და პროფესიულ საფეხურზე მდგომი ადამიანი, საქართველოში ეს კულტურა ნაკლებად გვაქვს. რა როლს შეასრულებს უნილაბის მოცემული პროექტი საქართველოში მოხალისეობის კულტურის ჩამოყალიბებაში?
მე აქცენტს მოხალისეობიდან ურთიერთ დახმარებაზე გადავიტანდი. მნიშვნელოვანია რომ უნილაბის სტუდენტებმა, რომლებმაც უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები ტექნოლოგიების, თანამედროვე პროფესიის მიმართულებით, თავისი გამოცდილება გაუზიარონ სკოლის მოსწავლეებს ან თანაკურსელებს.
ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება, და როდესაც ეს ნაბიჯები გარკვეულ რაოდენობას აღწევს, თვალში საცემი ცვლილება გამოჩნდება ხოლმე ჩვენ წინაშე. თითქოს ეს მოულოდნელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოხდა. თუკი გვინდა რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოში ცვლილება განხორციელდეს, მნიშვნელოვანია რომ ცოდნა, რომელიც დავაგროვეთ, გავაზიაროთ.
მეორე მხრივ, ინიციატივა პროექტის სტუდენტებისთვის შექმნის თავისუფალ გარემოს, სადაც ისინი ინფორმაციას თანატოლებისგან მიიღებენ, რაც ახალი პროფესიისადმი შიშის ფაქტორს მნიშვნელოვნად შეამცირებს.