ყოველთვის მქონდა ჩემი სტარტაპ იდეები, რომელთა განხორციელებაც მინდოდა, თუმცა იდეის ჩამოყალიბება და მისი განხორციელება მთავარ სირთულეს წარმოადგენდა. ბევრი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე ახალი პროფესია, ICT პროექტების მენეჯმენტი, რომლის კურსზე უნილაბმა მალევე გამოაცხადა მიღება. კიბერლაბორატორიასთან მანამდეც მქონდა შეხება, ამიტომ დაუფიქრებლად შევავსე განაცხადი და საბედნიეროდ შერჩეულ აპლიკანტებს შორისაც მოვხვდი.
პირველივე ლექციაზე მივხვდი რამდენად მეგობრულ და დადებით გარემოში აღმოვჩნდი, ლექტორებისგან ყოველთვის ვიღებდი უკუკავშირს და აქტიურად ვმუშაობდი პროექტებზეც. კურსის ბოლოს უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ურთიერთობა ICT მიმართულებასთან ამით არ დამთავრდებოდა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად უნილაბის სტაჟირებაშიც გამოვცადე თავი. სტაჟირების პერიოდში მუშაობა დავიწყე Online Iliauni-ის პლატფორმაზე. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ძველი პლატფორმის დატესტვა, მისი ტრანსფორმაცია და გამარტივება. მუშაობის პროცესში, გარდა პროექტის მენეჯერისა, ვიყავი ტესტერი და ვქმნიდი პლატფორმის კონტენტსაც.
ამჟამად ვმუშაობ პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით, და აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში, როგორც სოციალური მედია მენეჯერი, ისე ქოფირაითერი. სწორედ უნილაბში მიღებულმა გამოცდილებამ შემძინა ის მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელსაც ახლა ასე ინტენსიურად ვიყენებ.
მომავალ უნილაბელებს ვურჩევ, რომ არ გაჩერდნენ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საყვარელი საქმის საპოვნელად, შემდეგ კი, მომავალი სწორედ ამ საქმეს დაუკავშირონ.