UniLab • უნილაბი

რა პრობლებს აწყდება ნარატივ დიზაინერი

რა პრობლემებს აწყდება ნარატივდიზაინერი?

Group 9

თუ მოგვყვები, ისიც გეცოდინება, ვინ არის ნარატივდიზაინერი და ვფიქრობ, ჩეტბოტებსაც უკვე შეათამაშე. რაკი პირველი ნაბიჯი გადადგმულია, უკან ნუღარ დაიხევ. იყავი ის გმირი, რომელიც არ უშინდება იმას, თუ რა დახვდება წინ. როცა ნარატივდიზაინერი ხდები, მაგიურ სამყაროში შედიხარ, როგორც ძველ ზღაპრებშია ხოლმე.

გახსოვს? სარკის უკან არსებული სამყარო ან ტყეში შემთხვევით აღმოჩენილი კარის მიღმა რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა? ასეა ნარატორობაც. მისი სამყარო არაფრით ჰგავს იმ ყველაფერს, რაც უკვე ნანახი გაქვს, ამიტომ მიჰყევი და ბოლომდე გაიცანი.

როგორც ყველა ზღაპარში, აქაც უამრავი დაბრკოლება შეგხვდება. აბა, ისე როგორ? სად გინახავს, მთავარი გმირები უბრალოდ მიდიოდნენ და აღწევდნენ საწადელს. საიდუმლოდ გეტყვი, რომ ეს მწერლის, მეზღაპრის ხრიკია. დაბრკოლებების მოფიქრება მას ამბის გამდიდრებაში ეხმარება. რომ არა ისინი, აბა, როგორ გადმოგვცემდა, მაგალითად, გერდა და კაის ამბავს? ან როგორ შეავსებდა ფროდოს ამბავს? ერთი სიტყვით, დაბრკოლება უძველესი ნარატიული ხერხია და ჩვენ, ნარატორებმა, მისი გადალახვა კარგად ვიცით. ჩვენს სამყაროში არც ცერბერები დარბიან და არც მალეფისენტები გვაჯადოებენ, თუმცა არის დაბრკოლებები, რომლებიც ნამდვილად გვაფერხებს და ამბის დასრულებას არ გვაცდის. ვეცდები, მოკლედ გადმოგცე ისინი…

1. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მაშინ შეგხვდება, როცა პირველ რეალურ პროექტზე მუშაობას დაიწყებ. აღმოაჩენ, რომ დრო არაა საკმარისი, რომ შეიძლება ის, რასაც შენ ფიქრობ, სულ არ იყოს მისაღები დამკვეთისთვის. ამაზე ბევრი არ ინერვიულო. მიიღე ეს ფაქტი, როგორც რეალობა და ეცადე, შენს თავსაც და პროექტის საბოლოო მფლობელსაც რეალური მოლოდინები შეუქმნა.

2. მეორე დაბრკოლება ტექნიკურია. ხშირად ის პლატფორმები, რომლებზეც ვმუშაობთ, არ გვაძლევს კუდის ბოლომდე მოქნევის საშუალებას. ჩვენ გალიაში გამომწყვდეულ თაგვებს ვემსგავსებით და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო. მოარგე პლატფორმა შენს სურვილებს. დაიმახსოვრე – გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, არც ტექსტი არსებობს, რომელიც არ დაიწერება. თუ ერთი ხერხით ვერ აალაპარაკე ჩეტბოტი, როგორც გინდოდა, ცადე სხვა.

3. არასწორი მოლოდინები. ჰო, შეიძლება იფიქრო, ეს ხომ უკვე გვითხრაო, მაგრამ ამჯერად სხვა მოლოდინზე გესაუბრები. მომხმარებელი, რომელიც ჩვენს ჩეტბოტს ეცნობა, ზოგჯერ სრულიად სხვა მოლოდინს იქმნის. შენ შეიძლება ააწყო არაჩვეულებრივი ჩეტბოტი, შთაბერო სული, აღმოფხვრა ყველა ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ მომხმარებელი სრულიად უცხო ადამიანია, რომელმაც შენ შესახებ ბევრი არაფერი კი არა, სრულიად არაფერი იცის. ის არასწორ მოლოდინს იქმნის ჩეტბოტზე და მისგან იმას ითხოვს, რაც ამ უკანასკნელს საერთოდ არ ევალება. გახსოვდეს, რომ შენ არ ძალგიძს სხვისი მოლოდინის შეცვლა. ამქვეყნად ყველაზე ძლიერი ჯადოქრებიც კი უძლურნი არიან ადამიანის გონების დაპატრონების წინაშე. უბრალოდ იყავი დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებ. არ იდარდო სხვის მოლოდინებზე.

4. ცვლილებები – მას დაბრკოლებას არ დავარქმევდი, თუმცა ახალბედა ნარატორისთვის ცვლილებები მტკივნეულად აღიქმება, ამიტომ ვალდებული ვარ, ამ სიაში მოვაქციო. არ შეუშინდე და არ შეეწინააღმდეგო ცვლილებებს. ჩეტბოტი არის ის პროდუქტი, რომელიც იტანს ცვლილების შეტანას. რა თქმა უნდა, თუ დრო ამის ფუფუნებას გვაძლევს.

5. მეხუთე და ბოლო დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახო, ერთი ამოჩემებული ხელწერის ჩარჩოში გაჭედვაა. ხშირად, როდესაც პირველ ჩეტბოტს გააკეთებ, თან არც თუ ისე უხეიროდ, გგონია, რომ ეს ხელწერა, ეს ნარატივი ამართლებს მხოლოდ და არ ცდილობ ახლის ცდას მომდევნო პროექტებზე. არ ჩაიკეტო, გაიხსენი! მიეცი ფანტაზიასა და ციფრულ კალამს მეტი თავისუფლება. აღმოაჩინე ახალი სიტყვები, ემოჯები, გიფები, ხმები და ფორმები. შენ მწერალი ხარ და ვერავინ დაგიწესებს საზღვრებს, შენ მწერალი ხარ და არავინ მოიწონებს შენს წიგნს, თუ მეორედაც იმავეს ჩაწერ შიგნით და მხოლოდ გარეკანს შეუცვლი.

უნილაბის კიბერამბების გამოწერა შეგიძლია აქ: