“დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა პროგრამირების შესწავლა, თუმცა არ ვიცოდი საიდან დამეწყო. მოულოდნელად უნილაბის კიბერლაბორატორიისგან მივიღე შეტყობინება კურსების ჩამონათვალით, რომელთა შორისაც იყო Front-end პროგრამირება და მივხვდი, რომ სწორედ აქედან უნდა დამეწყო.
პირველი ლექციისას ცოტა შევშინდი და ისიც გავიფიქრე, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი, რადგან გაცნობის ეტაპზე სტუდენტების უმეტესობამ განაცხადა, რომ Front-end პროგრამირების კუთხით უკვე ჰქონდათ გამოცდილება. ჩემი ეჭვები ქრისტინე მაკალათიას პირველივე ახსნილმა საკითხმა გააქარწყლა და ჩემი პირველი ,,hello world”- ის გამოჩენამ ეკრანზე მოტივაცია კიდევ უფრო გამიძლიერა. ამ შემართების დამსახურებით, არაერთი დღე გამიტარებია Youtube ლექციების ყურებაში უფრო და უფრო მეტის გაგების სურვილით. უნილაბის კურსი დამეხმარა მიმეღო საბაზისო ცოდნა, რომლის მეშვეობითაც გამიმარტივდებოდა დამოუკიდებლად სწავლის გაგრძელება და საკუთარი თავის განვითარება პროგრამირების კუთხით.
ჩემთვის ყველაზე ღირებული პროექტი, უნილაბის მიერ ორგანიზებული ,,კოდის ერთი საათია”, სადაც მონაწილეობა მენტორის სტატუსით მივიღე. ეს პროექტი მოსწავლეებს პროგრამირების შესწავლის იმ შანსს აძლევს, რომელიც მე არასდროს მქონია.” გვიზიარებს ანა ბურდული, ფრონტ ენდ პროგრამირების კურსდამთავრებული.