ჩვენ შესახებ

გიფიქრია ოდესმე პატარა ოთახზე, რომელში შესვლითაც დროსა და სივრცეში იკარგები და საშუალება გეძლევა მომავლის გარკვეული ნაწილი დაინახო? ან სულაც პატარა მოწყობილობაზე, რომელიც  იმპულსებს მოგცემდა, რომლითაც სუპერძალებს შეიძენდი?

მოგესალმები ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში, სივრცეში, რომელიც საშუალებას მოგცემს, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები, ინტერესები და უნარები აღმოაჩინო, შენ ირგვლივ სამყაროს განვითარების ტემპს ყურადღება არ მიაქციო და თავს ისე შემოუძახო, რომ ხვალ უკვე დროს გაუსწრო და გუშინდელ შენს თავზე სინათლის წლით წინ იყო.

მოგესალმები სივრცეში,  რომელშიც ყველა ერთად ვცდილობთ მომავალში ადამიანის როლს მნიშვნელობა შევძინოთ და, ერთი შეხედვით, საშიშ რობოტიზებულ მომავალში ამომავალი წერტილი კვლავ ადამიანი იყოს. სივრცეში, რომელშიც მომავლის პროფესიები  უმნიშვნელოვანესია და მათ გარეშე დროში მოგზაურობა მარსზე უჟანგბადოდ გაფრენის ტოლფასია.

უნილაბი ილიაუნის ბაზაზე არსებული ორი ურთიერთშემავსებელი კომპონენტისგან შედგენილი სივრცეა, რომელიც  თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას აერთიანებს. ჩვენ გვჯერა, რომ დღეს მხოლოდ თეორიული ცოდნა კოსმოსში მოგზაურობისას მთვარეზე დარჩენას ჰგავს. რეალური თავგადასავალი სწორედ მთვარის მიღმა და თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკაში გველის.

ZUR_6532
ZUR_6448

ასე რომ, ორი არჩევანია: შესაბამისი თეორიული ცოდნა თუ გაქვს, შეგიძლია შემოგვიერთდე სტაჟირების პროგრამებზე და იმუშაო რეალურ პროექტებზე ან დააგროვო თეორიული ცოდნა შემდეგი სასწავლო კურსების საშუალებით:

  • დიზაინი
  • ვებ პროგრამირება
  • მობილური პროგრამირება
  • თამაშების დეველოპმენტი
  • კოდირება
  • ონლაინ კომუნიკაცია
ამის შემდეგ შეგეძლება ეს ცოდნა პრაქტიკულად გაამყარო სტაჟირების პროგრამაში ჩართვით და იმუშაო რეალურ პროექტებზე.
 

ჩვენს განზომილებაში არსებული დროის ორიენტირი უნილაბში იკარგება, ამიტომ სივრცე 24 საათი ღიაა და ჩვენს კიბერარმიაში გაწევრიანების შემდეგ შეგიძლია ნებისმიერ დროს გვესტუმრო, გამოიყენო ჩვენი სამუშაო სივრცე და ტექნიკა.

Document